საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეროვნული დღისადმი და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება

27 მაისს საელჩომ თეირანის სასტუმრო „ჰომას“ ბაღში გამართა საქართველოს ეროვნული დღისადმი და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება, რომელსაც დაესწრნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თეირანში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დიპლომატები, თეირანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ფერეიდნელი ქართველები. დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ირანში საქართველოს ელჩი იოსებ ჩახვაშვილი და ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომის, კოოპერაციისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ბატონი ალი რაბიი, რომელიც გახლავთ საქართველო-ირანის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარე. ელჩმა თავის სიტყვაში ისაუბრა 1918 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებზე, ასევე მიმოიხილა საქართველო-ირანის მრავალმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები.

ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღების ფარგლებში გაიმართა  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, რომელმაც სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია. მიღებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა.