საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი

2019 წლის 8 დეკემბერს თეირანს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მორიგი კონსულტაციები ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ირანის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე სეიდ აბას არაყჩი (Seyyed Abbas Araqchi). კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, ტრანზიტის, ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შესაძლებლობები.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონთაშორისი სატრანზიტო მარშრუტების განვითარების ორმხრივ ინტერესზე და ამ სფეროში საქართველოს უნიკალური ადგილმდებარეობის როლზე. ქართულმა მხარემ დაადასტურა სრული მზადყოფნა მაქსიმალურად იქნას ათვისებული აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო ტრანზიტის მარშრუტები.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი ვითარება, ასევე - კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება. ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ირანელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე. ირანის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მიიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა (Mohammad Javad Zarif). ხანმოკლე შეხვედრის ფარგლებში ირანულმა მხარემ დაადასტურა საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და კმაყოფილება გამოთქვა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირების როლს მომავალში მჭიდრო, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარების საქმეში