ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

განმუხურში, საქართველო, სამშვიდობო ბანაკში რუსი სამშვიდობოები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს

2007 წლის 30 ოქტომბერს სამი ჯავშანმანქანით რუსი სამშვიდობოების ჯგუფებმა ალყაში მოაქციეს ზუგდიდის რაიონში არსებული ახალგაზრდული ბანაკი და სასტიკად ფიზიკურად   გაუსწორდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ბანაკს იცავდნენ. დაცვის თანამშრომლებს დაადეს ხელბორკილები და მიაჯაჭვეს რუსულ ჯავშანმანქანაზე. ისინი მხოლოდ ქართული პოლიციის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

აღნიშნული არაპროვოცირებული თავდასხმა, რომელიც თავდასხმის ადგილზე ჩასვლისთანავე დაუყოვნებლივ იქნა დაგმობილი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რუსი სამშვიდობოების მიერ ვიდეოფირზე აღიბეჭდა. იმავე საღამოს გაიმართა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა და აფხაზეთში, საქართველო განლაგებული რუსული სამშვიდობო ჯარების ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი სერგეი ჩაბანი არასასურველ პირად იქნა გამოცხადებული.

რუსების უკანონო პატრულირება განხორციელდა სოფელ განმუხურში ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:15 საათზე. ჯავშანმანქანები შეიჭრნენ ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიაზე და ალყაში მოაქციეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი, რომლებიც ბანაკს იცავდნენ. როგორც რუსების მიერ გადაღებულ ვიდეოფირზე აღბეჭდილი კადრებიდან ნათლად ჩანს, სამშვიდობოები ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის წევრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა მოახდინეს დაუყოვნებელი რეაგირება. მათ შეაჩერეს რუსი სამშვიდობოები, მიუხედავად მათი სასტიკი წინააღმდეგობისა. მწვავე დაპირისპირება მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ადგილზე ჩასვლის შემდეგ განიმუხტა. პრეზიდენტმა მოითხოვა, რუს სამშვიდობოებს დაუყოვნებლივ დაეტოვებათ ტერიტორია.

რუსი სამშვიდობოები მოქმედებდნენ დსთ-ს მანდატის აშკარა დარღვევით. ეს იყო კიდევ ერთი ინციდენტი რუსეთის მიერ აფხაზეთში, საქართველო სამშვიდობო პროცესის ჩაშლისაკენ მიმართული დესტრუქციული ქმედებების რიგში. მას ადგილი ჰქონდა 2007 წლის 6 აგვისტოს წითელუბანთან რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ რადარსაწინააღმდეგო რაკეტის ჩამოგდების ინციდენტიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ. დღევანდელი თავდასხმა განხორციელდა კონფლიქტის მოგვარების პროცესში პროგრესისაკენ შემობრუნებისა და პირდაპირი დიალოგის განახლების პერსპექტივის ფონზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსი სამშვიდობოების ამ თვითნებურ ავანტიურისტულ ქმედებას და მოუწოდებს რუსულ მხარეს, შეწყვიტოს პროვოკაციები, რომლებსაც რეგიონში სიტუაციის გამწვავება და გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მოითხოვა დსთ-ს აღმასრულებელი საბჭოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გენერალ ჩაბანის საქართველოდან დაუყოვნებლივ გაწვევა. 2006 წელს მისი მანდატის ვადის გასვლის შემდეგ გენერალი ჩაბანი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, ვინაიდან დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მიერ მისი მანდატის გაგრძელება აღარ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძველზე ქართულმა მხარემ არაერთხელ მოსთხოვა როგორც დსთ-ს, ისე რუსეთის ფედერაციას გენერალ ჩაბანის საქართველოდან გაწვევა.

დსთ–ს მშვიდობისმყოფელთა მიერ გადაღებული ვიდეომასალა (საქართველოს ტელევიზიის მიერ გადმოცემულ სიუჟეტთან ერთად)

თბილისი, 2007 წლის 30 ოქტომბერი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ