რიგით მე-5 ერთობლივი საკონსულო კონსულტაციები საქართველო-ირანს შორის
2022 წლის 27 აპრილს, ქ. თეირანში გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს რიგით მე-5 ერთობლივი საკონსულო კონსულტაციები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი ტაბატაძე. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საკონსულო დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსი - ბექა ზარანდია, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველოს უფროსი - ნიკოლოზ გოგიტიძე, ამავე სამმართველოს მრჩეველი - გიორგი არჩემაშვილი და საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გიორგი მიქელაძე.
თეირანში საქართველოს საელჩოს მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი იოსებ ჩახვაშვილი და საკონსულო ფუნქციების შემსრულებელი გიორგი სახლთხუციშვილი. ირანის დელეგაციას ხელძღვანელობდა მაჰმუდ ადიბი - საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის მოქალაქეთა წინაშე არსებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები, ასევე თანამშრომლობის საკითხები სავიზო, სასაზღვრო, სასამართლო და პენიტენციარულ სფეროებში. გადაწყდა, დაჩქარდეს შესაბამისი შეთანხმებების ხელმოწერის პროცედურები, რაც უფრო გააადვილებს ირანისა და საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლისა და შესაბამის ქვეყანაში დროებით ცხოვრების პირობებს.